logo
ENG



ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე: აქვს მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის კარგვა, სისუსტე

18 ნოე 202114:22
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მეხსიერების დაქვეითება და წონასწორობის კარგვა აღენიშნება. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩემი დიაგნოზი ერთ-ერთ მრისხანე დიაგნოზად ითვლება - ვერნიკეს ენცეფალოპათია. თვითონ მოგვცა უფლება, რომ ამაზე ღიად გველაპარაკა და ამიტომ ვბედავ ამაზე საუბარს.

მას აქვს მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის კარგვა, რომელიც ახლა განუვითარდა, ასევე სისუსტე - ეს არის სწორედ დაავადების არასრული გამოვლინება. გამომდინარე კონტექსტიდან, პაციენტი ორს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს და სამს აკმაყოფილებს უკვე და ითვლება, რომ ეს დიაგნოზი კლინიკურია", - ამბობს წულაძე.

თენგიზ წულაძე ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიურ სტატუსს სავარაუდოდ, ყოველ დღე არ უმოწმებენ. ნევროლოგის თქმით, ეს სპეციალისტების მიერ დეტალურად უნდა ფასდებოდეს.

"სავარაუდოდ, ეს რგოლი აკლდათ და ყოველდღიურად ნევროლოგიური სტატუსი არ ფასდება. ასეთი ადამიანი მრავალი სპეციალისტის მხრივ უნდა ფასდებოდეს დეტალურად. ამიტომაა მნიშვნელოვანი მრავალპროფილური კლინიკა, რაც მე იქ ვერ დავინახე, რომ ამ წუთში ასეთი რამე ხდება. მარტო აპარატურის მოწყობა ამისთვის საკმარისი არ არის", - ამბობს წულაძე.

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა.

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა ციხეში შიმშილობს.


close დახურვა