logo
ENG



ექიმი: მინდოდა პრეზიდენტის ნახვა, მაგრამ განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა

11 ოქტ 202118:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/11/uwi5ocecof1yzjg.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას სააკაშვილთან შესვლის უფლება არ ეძლევა და უარის თქმის მიზეზად საშვის არქონა სახელდება. 

კერძოდ, როგორც ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხდა, ის გეგმავდა სააკაშვილთან შესვლას და ასევე ექიმთან გასაუბრებას, თუმცა მას უთხრეს, რომ მის საშვს ვადა გაუვიდა და ახალი სჭირდება. 

მესამე პრეზიდენტის ექიმი დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვას ელოდებოდა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ნახვა. ასევე, აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვაც. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა და ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე მას განიხილავენ და გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა ახალი საშვი. ვერ გეტყვით, რა დრო სჭირდება ამას. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მის ექიმთან უნდა მელაპარაკა მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა ყიფშიძემ.

სააკაშვილი მე-11 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა