logo
ENG



ექიმი: მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღოს გადაწყვეტილება, ასე გაგრძელება შეუძლებელია

12 ნოე 202100:24
3 წუთის საკითხავი
 
ექიმი: მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღოს გადაწყვეტილება, ასე გაგრძელება შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი კრიტიკულ დონეზე იყო. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა. ამიტომაც, ექსპრეზიდენტის პალატაში რამდენიმე საათის გატარება მოუწია. 

"ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი კრიტიკულ დონეზე იყო. შევძელით მისი აწევა სხვადასხვა საშუალებით. მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე. წესით, კალიუმის რეგულირებას გადასხმის საშუალებით ვაკეთებთ, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს მკურნალობაზე, მოგვიხდა ამის აბებით გაკეთება. 

ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა. ამიტომ, დამჭირდა საკმაო ხანი ყოფნა იქ, რომ წნევა მოგვეყვანა ნორმაში". - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

მისივე განცხადებით, მისთვის, როგორც მკურნალი ექიმისთვის არაფერი შეცვლილა - ვითარება კვლავ საგანგაშოა. 

"მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს ექიმებს, კონსილიუმს, მიიღოს გადაწყვეტილება. ასე გაგრძელება შეუძლებელია". - თქვა ექიმმა. 

ყიფშიძე ამბობს იმასაც, რომ გლდანის 18-ე ციხის საავადმყოფოში, სადაც სააკაშვილია მოთავსებული, არ არის სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა. 

"არავითარი სამედიცინო აპარატურა არ მინახავს". - თქვა მან. 

ყიფშიძე ყურადღებას ამახვილებს ექსპრეზიდენტის მკურნალობის სირთულეზე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. 

"დავუშვათ, გადავიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში - შეიძლება დაგვჭირდეს ექიმების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა, რომ მან ისევ დაიწყოს ნელ-ნელა ჭამა. ეს ურთულესი პროცესია". - აცხადებს ექიმი. 

ყიფშიძისვე თქმით, შესაძლოა კონსილიუმისთვის კიდევ რამდენიმე დარგის ექიმის დამატება გახდეს საჭირო, მათ შორის, ქირურგის და გასტროენტეროლოგის, ვინაიდან ექსპრეზიდენტს მუცლის არეში ტკივილები აქვს. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 42 დღეა, შიმშილობს. 


close დახურვა