საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს.
ექიმი პრეზიდენტთან ციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ყიფშიძის თქმით, აუცილებელია, რომ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.
"შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთში. კონსილიუმი იყო დღეს შესული. ყველა თანხმდება, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იყოს მისი გადაყვანა. სააკაშვილს აქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არის მკვლელობა. ის უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. გუშინდელი პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი პრობლემები წარმოიქმნას", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 23-ე დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".