გორის ჰოსპიტალში სამთავრობო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან თქვეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია.
ექიმ ნინო შარაშენიძის თქმით, ამ ეტაპზე ყოფილ პრეზიდენტს სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება, თუმცა თავს სუსტად გრძნობს.
"პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. აქვს ჰემოგლობინი შემცირებული, თუმცა თავის ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ჰემოგლობინი ისედაც არ აქვს. არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი. არის სუსტად, დღის მეორე ნახევარში ეს სისუსტე უფრო თვალშისაცემია ხოლმე, რაც, სავარაუდოდ, მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. აბსოლუტურად ადეკვატურად, ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა ჩვენს კითხვაზე", - თქვა ნინო შარაშენიძემ.
ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.