logo
ENG



ექიმი სააკაშვილზე: შიმშილობის ამ ეტაპზე ფატალურ შედეგამდე ცოტა დრო რჩება

17 ნოე 202121:38
3 წუთის საკითხავი
 
ექიმი სააკაშვილზე: შიმშილობის ამ ეტაპზე ფატალურ შედეგამდე ცოტა დრო რჩება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ სააკაშვილის შიმშილობის ამ სტადიაზე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

ექიმის თქმით, ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის სხვადასხვა პროფილის მქონე სპეციალისტების მუშაობა და ინტენსიური კვლევებია საჭირო. ექიმი ამბობს, რომ N18 დაწესებულებაში ბევრი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი არ ჰყავთ და მულტიპროფილური საავადმყოფოსა და გლდანის სამკურნალო დაწესებულების მუშაობას შორის დიდი განსხვავებაა.

„მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როცა შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება. როცა ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ძალიან მალე დამთავრდება, ანუ შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. 

ჯერ არის ის სტადია, როცა შეიძლება ამ ადამიანს ინტენსიური მკურნალობა და თავიდან აცილება ამ ფატალური გართულებების. ამას სჭირდება ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, ძალიან ბევრი კვლევა. იქ [N18 დაწესებულებაში] არის ამის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებებით. ამიტომ დიდი განსხვავებაა ერთი შეხედვით, რაც მე ვნახე, პოლიპროფილური, აწყობილი საავადმყოფოს მუშაობას შორის და აი ამ დაწესებულების მუშაობას შორის. დანარჩენი დეტალები გვექნება დასკვნაში“, - თქვა სახალხო დამცველის მოწვეული კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ.

სახალხო დამცველი მის მიერ შექმნილ ექიმთა მულტიპროფილურ ჯგუფთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების მონიტორინგის შედეგებზე საუბრობენ. 9 ექიმისგან შექმნილი კონსილიუმი სახალხო დამცველთან ერთად ახლა საბოლოო დასკვნაზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს პერიოდში გააცნობენ საზოგადოებას.

ომბუდსმენმა მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, რამდენადაა დაცული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება N18 სამკურნალო დაწესებულებაში და იქნება თუ არა შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

გუშინ, 16 ნოემბერს სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად N18 დაწესებულებაში შევიდა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 


close დახურვა