კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი ახალშობილის დედა სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. ის საავადმყოფოშია, სადაც ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ექიმ ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა როდესაც ეუბნებიან, რომ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, ისტერიკაში ვარდება და აცხადებს, რომ საკუთარი ორსულობის შესახებ არ იცოდა.
„დაისვა მშობიარობის მესამე პერიოდი. ანტიბაქტერიული მკურნალობა უტარდება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადმოცემით ვიცი, რომ გამოძიების შეკითხვებს ვერ პასუხობდა. ამბობდა, რომ მუცელი ტკიოდა. არაადეკვატური იყო როგორც მე ვიცი. ეხლა, რომ ეუბნებიან ასეთი რაღაც მოხდაო ისტერიკაში ვარდება ქალი ეს რა გავაკეთეო, არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავიო“, - აცხადებს მეან-გინეკოლოგი ნინო ბოლქვაძე.
კასპში გარდაცვლილი ახალშობილი ბავშვის დედა ჯერჯერობით დაკავებული არ არის და არც ბრალი აქვს წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზა დანიშნა, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა 30 წლის ქალს ეს ბავშვი და იყო თუ არა ცოცხალი ახალშობილი, როდესაც ის საპირფარეშოში ჩააგდეს.
შს სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.