ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება. ექიმები პროტესტს 12 საათზე, საკუთარ სამუშაო ადგილებზე, სამედიცინო დაწესებულებების წინ გამოხატავენ. მედიკოსები საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული კოლეგა.
ექიმები ამბობენ, რომ ყველა ექიმს პროფესია ავალდებულებს, რომ მივიდეს ნებისმიერ პაციენტთან ვისაც ეს სჭირდება და პირობითი საზღვრები მათთვის საზღვრები არ უნდა გახდეს. მათივე განცხადებით, აქცია მდუმარე იქნება, რომელიც 5 წუთი გაგრძელდება. ექიმების ძირითადი მოთხოვნა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა.
ერთ-ერთი ექიმის განცხადებით ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში მძიმე პირობებში იმყოფება. მისივე თქმით, ერთადერთი კონტაქტი შეიძლება დაამყაროს საერთაშორისო წითელმა ჯვარმა. ასევე, უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა.
„ვეკონტაქტე იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ცხინვალის იზოლატორში და ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. პირველადი ნივთები მას არ აქვს, ვერ შეუგზავნეს ან არ აგზავნიან. საკვები არასაკმარისია, დღეში ერთჯერადი კვება ან ისიც არა. ერთადერთი კონტაქტი შეიძლება დაამყაროს საერთაშორისო წითელმა ჯვარმა, რომელის დღემდე ვერ ახერხებს პატიმრის მონახულებას. უნდა გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა,“ - აცხადებს ერთ-ერთი ექიმი.
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პაციენტების დასახმარებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის „გამიზნულად კვეთას" ედავება. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.