მთავარი არხის ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ქარელში, ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თბილისში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში აგრძელებს.
ექიმ ლელა წარიას თქმით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
"26 წლის მამაკაცი შემოყვანილია კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორიაციები, ტკივილი. ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა საეჭვო რენტგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გაყვანილია დამატებით კვლევებზე", - ამბობს ლელა წარია.
მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გუშინ, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს.
მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა.
ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა, თუმცა მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოცნების ოფისის აივანზე მყოფ გადამღებ ჯგუფთან ოცნების წევრები დაპირისპირებაში არიან.