logo
ENG



ექიმის თქმით, სამინისტროში სააკაშვილის პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე შეთანხმდნენ

19 ოქტ 202122:14
3 წუთის საკითხავი
 
ექიმის თქმით, სამინისტროში სააკაშვილის პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე შეთანხმდნენ

იუსტიციის სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა. როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა,  კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

ყიფშიძის თქმითვე, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან ამისთვის მისი თანხმობაა საჭირო. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში რომელ საავადმყოფოში გადაიყვანენ ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ უცნობია.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო დამცველი.იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგვაძემ დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებ. მანვე დაამატა, რომ ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად პაციენტის თანხმობა იქნება საჭირო.

"აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა და, ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში რეკომენდაციები იქნება შესრულებული. პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის  სრული დაცვით შესრულდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, ანალიზების მაჩვენებლებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რადგანაც შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია მდგომარეობა გართულს, ამიტომაც პრევენციულად რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას.

"ჩვენ რამდენადაც ვიცით, მიხეილ სააკაშვილს ამაზე თანხმობა არ აქვს. გაცემული, შესაბამისად, ჩვენ ვმსჯელობთ, სანამ ის განაცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას, მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რათა გაეწიოს დახმარება, თუკი მდგომარეობა გართულდება", - თქვა ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, მას დახმარება არ გაეწევა, სანამ ის საღ გონებაზეა. თუმცა თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, მაშინ ექიმები ვალდებულნი არიან ჩაერიონ. ლომჯარია ასევე ამბობს, რომ დაგეგმილია, სააკაშვილს ყოველდღიურ ანალიზები ჩაუტარდეს. 


close დახურვა