logo
ENG



ექსპერტები კონგრესმენების წერილზე: ეს არის პრეტენზია ქართული ოცნების მმართველობის სტილზე

23 იან 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი ექსპერტები ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილს ეხმაურებიან. როგორც ექსპერტები "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავენ, კანონმდებლების განცხადებები ყურადსაღებია და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კრიტიკაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს. 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ყველა კონგრესმენი, რომელიც წერილის ავტორებში ფიგურირებს, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრია და ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით მუდმივად ინტერესდებიან. 

"ამერიკელი კონგრესმენები, რომელსაც „ქართული ოცნება“ რიგით კონგრესმენებს უწოდებს, არიან მთავარი მხარდამჭერები და მათ იმედად ვართ ჩვენ დარჩენილები, რადგან „ქართული ოცნება“ სულ სხვაგან მიაქანებს ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩვენი არჩევანია. ჩვენი არჩევანი არის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრირება. რაც შეეხება თვითონ კონგრესმენებს, ისინი არიან ორივე პარტიის წარმომადგენლები. ეს არიან ის კონგრესმენები, რომლებიც დეტალურად ადევნებენ თვალს ზოგადად საერთაშორისო მოვლენებს. ასევე ჩართული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებში", - აღნიშნა ქუთელიამ. 

ექსპერტი თავდაცვის საკითხებში დავით სიხარულიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში რუსულ კვალს ხედავს. მისი მტკიცებით, საქართველოს უკუსვლა მხოლოდ რუსეთს აინტერესებს. 

"ბუნებრივია ეს ყველაფერი, საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა, საქართველოში ტროლების ქარხნების არსებობა, სახელმწიფოს მიტაცება - მხოლოდ ერთ სახელმწიფოს აწყობს მთელ დედამიწაზე, ეს არის რუსეთი. ფაქტია, რაც კეთდება არის ერთადერთი ქვეყნის ინტერესებში", - განაცხადა სიხარულიძემ. 

გარდა ამისა, ექსპერტები სანქციების შესაძლო დაწესებასაც ეხმაურებიან. მათ მაგალითად მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლოხოტნიუკი მოჰყავთ, რომელსაც სანქციები დაუწესდა. 

"მათ ამოიღებენ პოლიტიკური პარტნიორების სიიდან და გადაიყვანენ პოლიტიკური პრობლემების სიაში. იქ უკვე ბევრი ოფციებია, დაწყებული განცხადებებით და დასკვნებით, დამთავრებული სანქციებით. ამის მაგალითი არის მოლდოვაში პლოხოტნიუკი. ეს არის პრეტენზია „ქართული ოცნების" მმართველობის სტილზე", - აღნიშნა ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ. 

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი ამბობს, რომ ასეთი ნეგატიური შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ ახსენდება. 

„არ მახსენდება ასეთი ნეგატიური შეფასებების შტურმი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება გამორჩეული არაადეკვატურობით უდგება, რამაც შესაძლოა სანქციები გამოიწვიოს მათი მისამართით. მთავარია ეს სანქციები არ გავრცელდეს ქვეყანაზე", - განაცხადა ლაგაზიძემ

შეგახსენებთ, რომ 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნა. წერილში კონგრესმენები საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულები არიან. 

 

 


close დახურვა