logo
ENG



ექსპერტთა ჯგუფი გელათის სახურავის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის

03 აპრ 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/03/afqxhpxxkzb81xp.jpg

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა, რომელიც სპეციალურად გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზების ძიების მიზნით შეიქმნა. 

შეხვედრაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს: 

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს (სხვებს შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი).

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო- და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ.

გარდა ამისა, განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად", - წერია ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ. 


close დახურვა