logo
ENG



ვაჟა ფშაველაზე ქალის მკვლელობაზე დაპატიმრებული ბრალის დამძმებას არ ეთანხმება

22 აპრ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლომ იმ პოლიციელის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა, რომელიც ვაჟა ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობაშია ბრალდებული. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებული სამართალდამცველი პატიმრობაში დატოვა.

დღესვე საქმეზე კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, რომელზეც პოლიციელი თანამდებობიდან გადააყენეს. სასამართლო განხილვები დისტანციურად შედგა. 

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„ბრალის დამძიმებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანის მოქმედებაში განზრახვა არ ყოფილა. რეალობას აცდენილია ის მუხლი, რომლითაც დაკვალიფიცირდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოქმედება“, - განაცხადა ნუგზარ წერეთელმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვაჟა ფშაველას გამზირზე 19 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სოსო გაბრიაძემ, ნასვამ მდგომარეობაში, საკუთარი სახლის აივნიდან თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში  მყოფ თამარ ანთელავას, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სოსო გაბრიაძე 20 აპრილს, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა გუშინ, პროკურატურამ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. ბრალდების ამგვარ ფორმულირებას დაკავებული სამართალდამცველი და მისი უფლებადამცველები არ ეთანხმებიან.


close დახურვა