პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის კლასელების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გატაცებული ექიმის მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გაფრინდაშვილის პატიმრობა უკანონოა და ის მალე უნდა დაუბრუნდეს საქმიანობას.
როგორც „ფორმულას“ გაფრინდაშვილის კლასელმა ნინო სარალიძემ განუცხადა, ცრუ ბრალდებაა თითქოს გაფრინდაშვილი 2008 წელს ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა.
„ერთი წუთი არ დაუხევია უკან. 2008 წელს რომ აბრალებენ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდიო. ვაჟა გამოუსვლელად იყო ღუდუშაურის კლინიკაში და ეხმარებოდა როგორც ჩვენ, ასევე მეორე მხარის დაჭრილ მეომრებს. ვაჟა ჩვენია და უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა სარალიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახიც. ისინი მადლობას უხდიდნენ პირველი სკოლის თანამშრომლებს და ექიმის კლასელებს მხარდაჭერისთვის. გაფრინდაშვილის ცოლმა თამილა ლაფანიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეუღლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„წითელი ჯვარი ორჯერ იყო შესული. მათი გადმოცემით ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასმართლოს გარეშე შეუძლიათ გმაოუშვან, ამას სჭირდება კეთილი ნება. დარწმუნებული ვარ ეს ნება იქნება. ვაჟას საქციელმა დაგვანახა, რომ ჰუმანურობა ცოცხალი მცნებებია და ეს არ არის უცხო თუნდაც იმ ხალხისთვის, ვის ტყვეობაშიც იმყოფება“, - აცხადებს ლაფანიშვილი.
ვაჟას ქალიშვილმა კი საზოგადოებას ე.წ. ფეიქ-ნიუსების გავრცელებისგან თავის შეკავება თხოვა.