საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს სხდომაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგენს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონპროექტის მხარდასაჭერად 92 ხმის მობილიზებას შეძლებენ. პროექტის განხილვის საპროცედურო ნაწილზე ბიუროს სხდომამ იმსჯელა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც მხარს არ უჭერს ცვლილებებს, კახა ოქრიაშვილია - თავად მაჟორიტარიც ამბობს, რომ არ ეთანხმება ამ მოდელს და ხმას არ მისცემს.
„რამდენადაც ვიცი, ვარ ერთადერთი, ვინც არ უჭერს მხარს ცვლილებებს. მრავალჯერ მაქვს არგუმენტირებული. დღეს შეფასებებს არ გავაკეთებ. შეფასებებს გააკეთებთ თქვენ, ჟურნალისტები მას შემდეგ, რაც მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე განხილვები", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
პირველ განხილვაზე 2019 წლის 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებებს 37-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი პირველ განხილვაზე - ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემულ პირობას ამჯერად ასრულებენ და მხარს დაუჭერენ ცვლილებებს.
„92 წევრი ხმას აძლევს, ბატონი კახა ოქრიაშვილი იკავებდა თავს და ალბათ ახლაც არ მისცემს ხმას. ახლაც მიმაჩნია, რომ შერეული უკეთესია, მაგრამ რადგან ჩავწერეთ კონსტიტუციაში და კონსტიტუციის მიღებისთვისაც აუცილებელი იყო პროპორციულზე გადასვლა, ბუნებრივია კონსტიტუციურ განწყობას არ ვუღალატებდი. ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია", - აცხადებს სიმონ ნოზაძე.
ცოტნე ზურაბიანი ამბობს, რომ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს განურჩევლად განსხვავებული ხედვებისა.
„მხარს ვუჭერთ შეთანხმებას პოლიტიკურ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ ამას მხარი დაუჭიროს ოპოზიციამაც, ამისკენ მოვუწოდებ. პარტიებს აქვთ განსხვავებული ხედვები - ამ შემთხვევაში ეს ისტორიული შეთანხმება უნდა შესრულდეს", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ ენმ პოლიტიკური სპეკულაციებით ცდილობს ფონს გასვლას, ხოლო „ევროპული საქართველო“ მისი ნაბიჯით, მიიღოს განხილვაში მონაწილეობა, გამარჯვების იმედს იმყარებს.
„არიან ადამიანები, ვისაც არ უნდათ არჩევნების ჩატარება და იქნებ სპეკულაციებით გავიდნენ ფონს, ფიქრობენ. მეორე განშტოება ნაცმოძრაობის - ამის დემონსტრირება, რომ იმედი აქვთ გამარჯვების, პოლიტიკური პოზიციონირება უფრო მნიშვნელოვანია, განსხვავებით ნაცმოძრაობის ჯგუფისგან", - აცხადებს გია ვოლსკი.