18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია მოხდა.
არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, რაც 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძის და მისი ხელისუფლების გადადგომით და ხელახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 2003 წლის 2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებში მაშინდელმა მმართველი პარტია, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი გამარჯვებულად გამოაცხადა.
იმავე საღამოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვება აღნიშნა. ასევე, ხმები პარალელურად დაითვალა ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა, რომლის შედეგებითაც ჩანდა, რომ 7%-იანი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, მათ შორის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 20,8% მიიღო, პარტიამ ახალი საქართველოსთვის - 12,9%, ლეიბორისტულმა პარტიამ - 12,8%. ასევე, ბარიერი გადალახეს: ბურჯანაძე-დემოკრატებმა — 10,15%; დემოკრატიული აღორძინების კავშირმა — 8,13%; ახალმა მემარჯვენეებმა — 7,99%;
ამ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა" (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები დაფიქსირებულ მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით.გამონაკლისი იყო დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს. ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება აღიარა, ამ უკანასკნელმა კი საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.
პირველი დემონსტრაცია 4 ნოემბერს ჩატარდა. საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.
პროტესტი უფრო და უფრო მასშტაბური ხდებოდა. პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გადალახეს 7%-იანი ბარიერი, უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე და დემონსტრაციებს უერთდებოდნენ. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება იყო.
13 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთ და უპირობო მოთხოვნად იქცა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა. ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
20 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა:
- ახალი საქართველოსთვის – 21.32%
- დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 18.84%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 18.8%
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 12.04%
- ბურჯანაძე-დემოკრატები – 8.79%
- ახალი მემარჯვენეები – 7.35%
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა.
21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.
ოპოზიციის მომხრეები 21 ნოემბერს შევიდნენ თბილისში და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ, რადგანაც საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა. ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა.
22 ნოემბერს, მაშინ, როცა პარლამენტის პირველი სხდომა იხსნებოდა, მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის დარბაზში შეიჭრა და ედუარდ შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს.
23 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის 28 მარტს დაინიშნა, რომელიც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა. პაარლამენტში უმრავლესობა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 135 ადგილი;
- მემარჯვენე ოპოზიცია- მრეწველები - 15 ადგილი.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა, რომელშიც 96,7%-ით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.