logo
ENG



ვარკეთილში პატრულისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

22 აპრ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 
05bb9h0ybsl92ml.jpg

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა პოლიციის მუშაკების მიმართ ჯგუფურად და ძალადობით  წინააღმდეგობის გაწევის  ფაქტზე, ბრალდებულებს ა.ტ-ს და ნ.ტ-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ,  413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ნ.ტ. და ა.ტ. 4  პირთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რითაც არღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილ პირობას, სამ  ადამიანზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.  

მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე  შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და შეკრებილ პირებს განუმარტეს,  რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ  ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ა.ტ.-მ და ნ.ტ.-მ პატრულ-ინსპექტორებს      სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. 

ა.ტ-ს და ნ.ტ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის შუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად) წარედგინათ,  რაც სასჯელის სახედ და ზომად  4-დან 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა