თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ალექსანდრე ივანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ამასთან, ივანოვს ბრალი დაუზუსტდა. მას გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის გარდა, ხულიგნობას და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობასაც ედავება. გარდა ამისა, ბრალდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება.
დღევანდელ პროცესზე ივანოვმა განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის გამო ძალიან რცხვენია.
"ძალიან მრცხვენია. დედა ხუთჯერ "რეციდივისტზე" გათხოვდა, რომელმაც ისეთი მონაწილეობა მიიღო ჩემ აღზრდაში, ხან დალურჯებული ვიყავი, ხან სულ შიშში გავატარე. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ. ვიცოდი რომ ჩემი დალევა არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი", - განაცხადა ივანოვმა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 28 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში ჩატარდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მამაკაცი დახვდათ, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ივანოვი სამართალდამცველების მოთხოვნას დაემორჩილა და საცხოვრებელი სახლი დატოვა. პოლიციამ იგი ადგილზე დააკავა.