ვარშავა და კრაკოვი უკრაინიდან ლტოლვილებს ვეღარ მიიღებენ. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გასული 2 კვირის განმავლობაში კრაკოვში 80-100 ათასი უკრაინელი ჩავიდა, ვარშავამ კი უკრაინიდან 200 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ქალაქებს მეტი ადამიანის მიღება არ შეუძლიათ.
პოლონურ მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ხელისუფლება ლტოლვილებს სხვა ქალაქებში დასახლებისკენ მოუწოდებს, რადგან კრაკოვი და ვარშავა გადაიტვირთა და დამატებით ლტოლვილების მიღება აღარ შეუძლიათ.
„პრობლემა ისაა, რომ მათ სურთ ან საზღვართან ახლოს დარჩნენ ან ისეთ დიდ ქალაქებში, რომლებზეც სმენიათ - ძირითადად ვარშავასა და კრაკოვში“ - ადგილობრივ მედიასთან აცხადებს პოლონეთის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი.
უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები სასტუმროებში გადაიყვანეს, ნაწილი კი ადგილობრივ მეგობრებთან და ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად.
კრაკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქმა უკვე თითქმის მთლიანად დახარჯა გადაუდებელი სიტუაციებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია მეტი ადამიანის მიღება ქალაქში. საუბარია სამსახურზე, ადგილებზე სკოლასა და საბავშვო ბაღებში, მომსახურების ოფისებში, მაგალითად როგორიცაა სოციალური მომსახურების კლიენტები, ვიღაც უნდა მოემსახუროს მათ“ - აცხადებს კრაკოვის მერის პრესსპიკერი მონიკა ჰილაშეკი.
მედიის ცნობით, ვარშავაშიც მსგავსი მდგომარეობაა. 1 500-მდე ლტოლვილი უკვე გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოებში, 2 000 ბავშვი მიიღეს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
პოლონეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები თავად ითხოვენ სხვა ქალაქებში გადანაწილებას, მაშინ როცა მეტროპოლიტენის ტერიტორია ხალხით გადაიტვირთება. ისინი უკრაინელებს სთავაზობენ სხვა ქალაქებში გადასვლას, სადაც კომფორტულად ცხოვრებას შეძლებენ.