ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი და ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული საქმე იყო, რომელიც დღეს პროკურატურას თავზე ჩამოემხო.
„პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე. პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. 3 წელი რატომ გვატარეს? და 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. 3 წელი რისთვის ვიყავით დაპატიმრებული და რისთვის ვიარეთ სასამართლოში? პროკურატურას თავიდან ბოლომდე თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.
წერეთელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს არ დააპატიმრებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან ისინი არც იმ თაღლითობის მუხლს ეთანხმებიან, რაზეც გადაკვალიფიცირდა საქმე.
***
შეგახსენებთ, რომ 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა. გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდა.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.