logo
ENG



ვაშაძე: არ ვვაჭრობთ ადგილებით და არ ვყიდით ქვეყნის მომავალს

02 მარ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ ხერხდება. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი მანდატებით არ ვაჭრობენ. როგორც „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს.

„მე არ ვიცი რომელ ოპოზიციაზე საუბრობენ ან ვის გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად. მე მგონი, ყველა ადამიანი, ვისაც უჭირს მობეზრდა ქართლი ოცნების სიტყვების თამაში. არანაირი შეთანხმება არ არსებობს. დიახ, ქართული ოცნება უკან იხევს. ამის დასტურია საუბრები - 100/50-ზე, 110/40-ზე და ა.შ. ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ და არ ვაპპირებთ ქვეყნის მომავალი გავყიდოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია მნიშვნელოვან საკითხებზე შედგეს შეთანხმება. 

„იმედი გაჩნდა, რომ რამდენიმე მთავარ საკითხებზე შედგეს პრინციპული შეთანხმება. ყველა ის პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მთავრობა დააკომპლექტოს, უნდა ქონდეს მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა. ამას ჭირდება სხვა ჩამკეტი მექანიზმები, რომ არ მოხდეს მანდატების მანიპულაციით ამ პრინციპის ეჭქვეშ დაყენება. მთავარია, რა დაიწერება კონსტიტუციაში“, - განაცხადა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძროაბის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე, შეთანხმება არ მოხდება.

„უცნაურია რატომ შეექმნა ოცნებას ილუზია, რომ ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება იმის გარეშე, რომ მათ ესაუბრათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ან პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე. ჩვენ ამ საკიტხს ვაყენებდით. ჩვენთვის ნებისმიერი შეთანხმება იქნება შეუძლებელი თუ ეს საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას. ასევე არ იყო სიახლე მათ გუშინდელ განცხადებებში. ეს იდეა ჩვენთვის ცნობილი იყო არაფორმალური შეხვედრების შემდეგ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართებოდაა, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ოპოზიციის უარის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი საბოლოო შეთავაზება გააკეთა 110/40, მაგრამ მათ ოპოზიციისგან კვლავ უარი მიიღეს. 

ამის შემდეგ ამერიკის  ელჩის მოადგილესთან არაფორმალური შეხვედრები გაიმართა. მმართველი გუნდმა ზეწოლას კვლავ ვერ გაუძლო და კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთა, რომელიც მათი თქმით, „კვლავ ბოლოა“ და ამის იქით დიალოგის გაგრძელება არ აპირებენ. შეთავაზება შემდეგი სახისაა - 40%-ზე ნაკლები ხმების მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ ექნება. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს.


close დახურვა