„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოში პარლამენტარიზმი აღარ არსებობს. ვაშაძის განცხადებით, აუცილებელია ტექნოკრატიული მთავრობის მოთხოვნა.
„უნდა დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ იმიტომ, რომ საქართველოში პარლამენტარიზმი მოკვდა. არჩევნებს არავითარი აზრი აქვს. იმიტომ, რომ ისევე გააყალბებენ არჩევნებს, როგორც 2012 წლიდან აყალბებენ. დავრჩებით ბერაიებისა და ხუნდაძეების ხელში. ფეხსაცმელები აუჯანყდნენო ბიძინა ივანიშვილს, დღეს მოგვიყვნენ. არ გეცინებათ, ადამიანებო? სულ ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ესენი მოვაშოროთ ხელისუფლებიდან. ეს დამთავრდება სახელმწიფოებრიობის დაკარგვით. საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, სახლში თუ გინდათ ყოფნა იცოდეთ, სახელმწიფოებრიობას დაკარგავთ და ამის მეტი არაფერი დაგრჩენიათ. ჩვენ შეგვიძლია ყველა ჩვენი წევრი გამოვიყვანოთ და რიგითებად დაგიდგეთ, რადგან მოქალაქის გარეშე არავის არაფერი გადაურჩენია. ეროვნული დაუმორჩილებლობაც უნდა იყოს. აუცილებელია ტექნოკრატიული მთავრობის მოთხოვნა და დღევანდელი ცესკო-ს სახლში გაყრა, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება როგორ შეიძლება?," - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის წინ დღეს, 14 ნოემბერს 19:00 საათზე საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაგდებულ კანონპროექტს გააპროტესტებენ და აქციას გამართავენ.