მშვიდად ჩაიარა წუხანდელმა ღამემ რუსთაველის გამზირზე. სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ მთელი ღამე გაატარეს. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა, რუსთაველზე კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ გაერთიანებული შტაბი სწორედ რუსთაველის გამზირზე განთავსდება.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ უნდა გავიმარჯვოთ. ბიძობოტებს ქვეყანას არ დავუთმობთ, ასე რომ, ბიძობოტები დასრულდებიან ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი, ყველა ვდგავართ ერთად. ქართველ ხალხს ვერ დააჩოქებს ვერავინ თურქმენიზაციას საქართველოში ვერავინ ვერ მოახდენს. ასეთი კონსენსუსი საქართველოს არ ახსოვს უახლოეს ისტორიაში. ოპოზიცია, ახალგაზრდა უფროსი საინიციატივო ჯგუფი ყველანი შეთანხმებულები ვართ: არ გახდება საქართველო თურქმენეთი, ვერ გახდება ივანიშვილი თურქმენბაში. ბიძობოტების ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში არ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მასშტაბური აქციის შემდეგ იწყება უწყვეტი აქცციები, რომლებიც გაგრძელდება, მანამ სანამ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ შეასრულებს.
„უნდა შევიკრიბოთ სამ საათზე, ამის შემდეგ უკვე იწყება უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა აქცია, რომელიც, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არ მისცემს შესაძლებლობას დღევანდელ ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, გააგრძელოს მუშაობა ნორმალურ რეჟიმში, სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„მოუწევს რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება, უნდა გადადგეს მთავრობა, უნდა დანიშნოს დროებითი მთავრობა, უნდა ავირჩიოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, უნდა დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებით და უნდა ჩატარდეს არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში უკანონო და გაყალბებული არჩევნების ერა. ან შეასრულებს ამას ივანიშვილი, ან მოუწევს მას ძალიან მძიმე ფასის გადახდა, უზურპატორების ბედი არის ყოველთვის ერთი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.