logo
ENG



ვაშაძე: ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წასულის შეცდომებზე ვერ სწავლობს

30 აგვ 202122:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/30/9yseijb7phaabdz.png

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ახლა გიორგი ვაშაძეს შეუერთდა, ამბობს, რომ "ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე წასულის შეცდომებზე ვერ სწავლობს". 

პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" წარდგენისას გრიგოლ ვაშაძემ თქვა: 

"რამდენიმე რამე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. პირველი: პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე: ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში. და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს.

ეკონომიკური განვითარება – თუ ჩვენ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან საზღვარგარეთ გაგვექცა, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროკავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ. აუცილებელია აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებსა და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა.

ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს. ჩვენ თუ ეს გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს. 

ამიტომ, მთელი დაგროვილი პროტესტი, კოვიდიდან დაწყებული, ეკონომიკიდან დასრულებული, მობრზანიდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა, მაგრამ ისე არ აღმოჩნდეს, რომ არ აღმოვჩნდეთ იმ ჯადოსნულ წრეში, სადაც დავდივართ 30 წელია". - თქვა მან. 

პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ სტრატეგია აღმაშენებელთან გაერთიანებული პოლიტიკოსები დღეს, 30 აგვისტოს წარადგინა, მათ შორის არიან:

  • ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე;
  • რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე;
  • პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;
  • იურისტი, ადვოკატი ვახტანგ იაშვილი;
  • სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ბაღათურია;
  • ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქროვანი. 

გიორგი ვაშაძის თქმით პლატფორმა, ასევე აერთიანებს სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის წევრებს. 

დღევანდელ პრეზენტაციაზე მას არ წარმოუდგენია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები. ფორმულას ინფორმაციით, "მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე იქნება. ამის შესახებ პარტიაში ჯერ არ საუბრობენ.


close დახურვა