სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე გადაცემა "კომენტარში" აცხადებს, რომ თაკო ჩარკვიანის კონტაქტებს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია, რის გამოც სტრატეგია აღმაშენებლის წევრებმა, თავად მოიკვლიეს ჩარკვიანის კონტაქტები, შეადგინეს 110-კაციანი სია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე გადაეგზავნა.
"ვერ ვხედავ ამ კრიზისისთვის მძლავრ მომზადებას იმიტომ რომ ამ დრომდე არავინ არ შეგვეხმიანა არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან. 110-კაციანი სია ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა თაკო ჩარკვიანს ჩვენ თვითონ მოვიკვლიეთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ არის. იმედი მაქვს ახლა მაინც იქნება ტესტირების შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტესტი გაუკეთდეს სულ ყველას იმიტომ, რომ ფასიანი ტესტი ძვირია და შესაბამისი მარაგები სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩარკვიანი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კოვიდ-19-ით დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი დაინფიცირდა.