logo
ENG



ვაშაძე: ივანიშვილის სუსტი წერტილი ოპოზიციის ერთობა, ხალხისა და პარტნიორების განწყობაა

13 ნოე 202021:54
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სუსტი წერტილი ოპოზიციის ერთობა, ხალხის განწყობა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაა.

როგორც ვაშაძემ გადაცემაში აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების, ელჩების ფუნქცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლის შესრულება არ არის, თუმცა მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"ივანიშვილის სუსტი წერტილი არის ოპოზიციის ერთიანობა, მისი სუსტი წერტილი არის ხალხის განწყობა და ამას თვითონაც ხვდება, მისი სუსტი წერტილი ასევე არის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან განწყობა, რომ სულ ამ კოლაფსში და კრიზისში ვართ.

ჩვენ შეხვედრაზე რომ დავიწყეთ საუბარი ეგ ვუთხარით, რომ თუ არ გავასწორეთ რაღაც ფუნდამენტი, სულ ამ კრიზისში ვიქნებით.

 ჩვენ არ გვეგონოს, რომ ამერიკის ან ევროკავშირის ელჩების მთავარი ფუნქცია არის მედიატორის როლის როლის შესრულება ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის. მე სხვა სახელმწიფო არც კი მეგულება, სადაც ამ ფუნქციას ატარებენ ელჩები, მაგრამ იმდენად მძიმე ვითარებაში ჩავვარდით სხვა გამოსავალი არ არსებობს",-თქვა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 2 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქედან ერთი აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა. 


close დახურვა