სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს, მხარი ქართულ ოცნებასა დაუჭირონ.
ვაშაძე მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ არ მოახდინონ ზეწოლა ამომრჩეველზე და შეწყვიტონ "სტანდარტული ხრიკების" გამოყენება.
"მე მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორია, ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენი 1 ნომერი რჩება ყუაზე, ისე ახევენ, რომ ფიზიკურად ვერ შემოხაზავს ადამიანი ჩვენს ნომერს. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიულეტენის გამოცვლა.
შემდეგი კატეგორიის დარღვევა, რომელიც ფიქსირდება არის ფარულობის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია კადრები გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ჯიხურის გარეთ ხელმოწერა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას.
მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და ქართულ ოცნებას, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, შეწყვიტეთ სტანდარტული ხრიკების გამოყენებას, ბიულეტენის არასწორად მოხევას და ასე შემდეგ”, - ამბობს ვაშაძე.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.