logo
ENG



ვაშაძე: მივმართავ მთავრობას, დავსხდეთ ღია ეთერში და განვიხილოთ ის, რაც ქვეყანაში ხდება

25 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა. ვაშაძემ ბრიფინგზე ხელისუფლების წარმომადგენლები ღია ეთერში დისკუსიისთვის გამოიწვია. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ხელისუფლება არსებულ კრიზისს არჩევნებისთვის იყენებს და რეალურ ნაბიჯებს არ დგამს.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელმაც წარმოადგინა ვითომდა გეგმა. ჩვენ გუშინ რეალურად ვნახეთ ადამიანები, რომლებიც ერთადერთ რამეზე ფიქრობენ - არჩევნები და პოლიტიკა - და თავი ზედამხედველებად დაინიშნეს. მეორე მხრივ, ჩვენსავე თანხებს კაპიკებზე გროშებად უნაწილებენ საზოგადოებას. ხალხს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში არის. მინდა მივმართო მთავრობას, დავსხდეთ ღია ეთერში და დავიწყოთ დეტალურად განხილვა იმის, თუ რა ხდება ქვეყანაში. თანხები, რომლებსაც თქვენ ანაწილებთ, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის, თითოეული ქართველის კუთვნილება, შესაბამისად, დავსხდეთ და რაციონალურად გადავანაწილოთ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება გაინტერესებთ. მოგიწოდებთ, დაანებეთ თავი პოლიტიკური მიზნებისთვის კრიზისის გამოყენებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ეკონომიკური და სოციალური დახმარების პაკეტის მიხედვით, 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ან დამქირავებლებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.


close დახურვა