logo
ENG



ვაშაძე: მომდევნო კვირას ერთად ჩავალთ ქუთაისში, ამოვიდა თქვენი უკანონობა ყელში

01 დეკ 201917:08
3 წუთის საკითხავი
 
1jutzi78kh5lzy1.jpg

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს. გარდა ამისა, ვაშაძის მტკიცებით, მმართველმა გუნდმა სამართალდამცველებს აქტივისტებისთვის კომფორტის შექმნა დაავალა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დანაშაული ადგილობრივი მერიის თანამშრომლებმა ჩაიდინეს და ისინი სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. 

„დღეს, ქუთაისში კიდევ ერთხელ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ნათელი სახე. პოლიციის კორდონით გადაადგილდებოდა ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა გაერთანებული ოპოზიციის ოფისს და მე აქ მაქვს წარმოდგენილი კადრები, როგორ დააზიანეს ისტორიული და კუტლურული ძეგლი ამ ადამიანებმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ხაზს ვუსვამ, კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი საღებავებით დააზიანეს „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა. სულ რამდენიმე ადამიანი აქტიურობდა და დანარჩენი ხალხი იძულებით მიიყვანეს ოფისთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხარო და საგანგაშოა ის, რომ პოლიციას დავალება აქვს მიცემული, კორიდორი გაუკეთონ და კომფორტი შეუქმნან ამ ადამიანებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინონ. მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენ, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის სწორედ ეს არის განსხვავება, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი არაძალადობრივი პროცესი, ისინი არიან მოძალადეები, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს და საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. ჩვენ მშვიდობიანად, არაძალადობრივი ფორმით მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტყუილზე ხელი აიღოს. ისინი ძალადობენ ადამიანებზე და ასეთ ვანდალიზმს სჩადიან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ისინი მომდევნო კვირაში ქუთაისში ჩასვლას აპირებენ. "პირობას გაძლევთ, ყველანი ერთად ჩავალთ ქუთაისში მომდევნო კვირას და ნახავთ, რამდენი ვართ და რამდენს ამოუვიდა თქვენი უკანონობა ყელში“, - აღნიშნა ვაშაძემ.

 

 


close დახურვა