logo
ENG



ვაშაძე: რუსეთმა მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელიც ოცნების ლიდერებს გზავნილებს უკონტროლებს

07 ივლ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთმა საქართველოში მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელმაც ქართული ოცნების ლიდერებს მისცა დავალება, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით კონკრეტული გზავნილები გააჟღერონ.

ვაშაძის თქმით, ეფ ეს ბე-ს ჯგუფის წევრები ქართული ოცნების ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს უკონტროლებენ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, აქვთ სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაშია ჩართული და დეტალურ ინფორმაციას, დაზუსტების შემდეგ გაავრცელებს.

"სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ივანიშვილთან, სხვებთან დაკავშირებითაც. მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა ეფ ეს ბე-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესება იმის გამო მიმდინარეობს, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა.

მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო 3 ადამიანის გამოყოფა ოცნების მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ეფ ეს ბე-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ 3 ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა, სწორედ ამიტომ, პირდაპირ ქართული ოცნების ლიდერებს მიეცათ დავალება, ეფ ეს ბე-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით მიწოდება კობახიძიდან დაწყებული სხვებით დამთავრებული ქართული საზოგადოებისთვის.

სწორედ ამიტომ, ახლა ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატურები ეფ ეს ბე-ს მხრიდან რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ ქართული ოცნების ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს.

მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით.

მინდა მოქალაქეებს ვუთხრათ, როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით ეფ ეს ბე-ში დაწერილ ნარატივს, იცოდეთ, ეს არის ეფ ეს ბე-ს კურატორების მიერ, მათი დავალებით გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ ოცნების ლიდერები. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან, გადაგვიყვანონ ომის თემებზე სასაუბროდ", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 


close დახურვა