logo
ENG



ვაშაძე: სუს-მა დაადასტურა, რომ კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძისა და რუსეთის მიერ

18 სექ 202312:12
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: სუს-მა დაადასტურა, რომ კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძისა და რუსეთის მიერ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ "კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძის და რუსეთის მიერ". ვაშაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სუსულელესა და აბსურდს" უწოდებს.

ვაშაძის თქმით, ოცნება დღეს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ადამიანების თანამდებობიდან ჩამოშორებაზე უნდა მუშაობდეს, ამის ნაცვლად კი, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვის.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელი განცხადებით პირდაპირ დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა, არა მხოლოდ ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძის და რუსეთის მიერ. დღეს ეს ადამიანები, როცა საზოგადოება ელოდება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას, სანქცირებულია ფარცხალაძე რუსეთის ინტერესების გატარებისთვის და ჯაშუშობისთვის აშშ-ის მხრიდან, ამ ფონზე, ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანიც არის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი.

ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ფარცხალაძის და რუსეთის დაკვეთას ასრულებს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. [...] დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ადამიანების თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, ამ დროს, ისევ და ისევ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან, ქართველ ხალხს. ზღაპრებს თხზავენ იმისათვის, რომ საქართველო დაუქვემდებარონ თავიდან ბოლომდე რუსეთს. ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ ქსელში, რომელიც მოქმედებს ქართული ოცნების ხელდასმით აქ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა". მათი განცხადებით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების" თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. უწყების თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.

 

 


close დახურვა