სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში ფატალური ვითარებაა და ვიდრე მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არ აიცრება, მანამდე არსებული რეგულაციები ძალაში უნდა დარჩეს.
მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში არსებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. მისივე განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის გაფართოებაც.
ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ქაოსია და ასეთ ვითარებას სისტემური და ანტიკრიზისული მართვა სჭირდება.
"გამოსავალი, სამწუხაროდ, ერთადერთია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა, უნდა გაფართოვდეს ტესტირების შესაძლებლობაც და უფასო ტესტირება უნდა იყოს შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის. სანამ ჩვენ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით მოსახლეობის დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა. გვაქვს ფატალური ვითარება ქვეყანაში", - თქვა ვაშაძემ.
23 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 354 ახალი შემთხვევა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა.
მთავრობის დადგენილებით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.