სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია შემდეგ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.
როგორც ვაშაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, მისი პარტია 16:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე მივა. მან აქციაში მონაწილეობისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდა.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.
"16:00 საათზე აუცილებლად ვიქნებით აქციაზე და ყველას მოვუწოდებთ, რომ აქციაზე გამოვიდნენ. ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას პრობლემა აქვს. ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ვერასდროს ვერ ჩაითვლება არჩევნები ჩატარებულად, როცა გიენებივით მისეული არის ხროვა საარჩევნო უბნებზე, რომელიც ყოველმხრივ ძალადობას ახდენენ ადამიანებზე. უნდა ვებრძოლოთ და საერთო ოპოზიციური პოზიცია უნდა გვქონდეს, რომ სწორ შედეგზე გავიდეთ.
ახლა ვაჯამებთ და უბანი არ არის ისანში, სადაც არ აკლია ოქმები, არ აკლია ბიულეტენები, არ აკლია ყუთს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყუთთან ერთად კარუსელები ტრიალებდა. ჩვენ ყოველთვის მიგვიღწევია წარმატებისთვის, როცა ოპოზიცია იყო ერთიანი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.