logo
ENG



ვაშაძე: ჩვენ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ

06 სექ 202013:49
3 წუთის საკითხავი
clock 1534

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

როგორც ვაშაძემ თქვა, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

"ახლოვდება არჩევნები და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან ამ არჩევნებზე. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება ექნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს და გამგები კარგად გაიგებს, რასაც ვლაპარაკობ.

როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით მცდელობა მაინც ექნება შანტაჟის, უმკაცრესად იქნება დასჯილი სამართალდამცავი ორგანოების და ხელისუფლების მხრიდან. ქალბატონებთან მიმართებაში ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი", - განაცხადა ვაშაძემ.

ის ეჭვობს, რომ მომხდარი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.

"ეს შეეხება ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას. ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, იმიტომ რომ მისი პერსონალური ინფორმაციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ ეს, მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. პრევენციულად ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ არ გაბედოს ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. რა რეაგირება ექნება უწყებასს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიტიკოსს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. 

2019 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. 

თებერვალში შსს-მ 16 ახალგაზრდა დააკავა იმ მიზეზით, რომ მათ ჩანაწერი ნახეს და რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. ისინი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ეკა ბესელია ამბობდა, რომ მას კადრების გამავრცელებლის დასჯა სურდა და ახალგაზრდების დაკავება საქმის გამოძიებას არ უდრიდა. მან გიორგი გახარიას როგორც შს მინისტრის, ისე პრემიერის რანგში არაერთხელ მიმართა და დამნაშავის გამოვლენა სთხოვა, თუმცა, უშედეგოდ. 


close დახურვა