logo
ENG



ვაშაძე - გახარია პილატე პონტოელს ჰგავს, შიშის გამო პასუხისმგებლობას გაექცა და ხალხი გაწირა

15 აპრ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

პასუხიმგებლობის თავიდან არიდება და მისი ხალხისთვის დაკისრება დანაშაულია, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც დაწესებული შეზღუდვების ფონზე სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მოქალაქეების გონიერების იმედი აქვს“.

ვაშაძის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრემიერი ვალდებულია, მკაცრი და შესასრულებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ორი დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლება და საპატრიარქოს შორის სააღდგომო წირვა-ლოცვასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე საპატრიარქომ, პასუხისმგებლობას თავი აარიდა და ხალხზე გადაიტანა ყველაფერი. სწორედ ამიტომ შევადარე მე გიორგი გახარია პილატე პონტოელს. გაექცა შიშის გამო პასუხისმგებლობას და ხალხი გაწირა. არ შეიძლება ხალხის ბედის ანაბარა დატოვება, ხომ გვესმის, რომ საქართველო იმყოფება დიდი ეპიდაფეთქების ზღვარზე და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მწყობრივ სინერგიული ქმედება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ აღდგომის წირვა ჩვეული წესით ჩატარდება. ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის რამდენიმე დღეა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ისინი მსჯელობენ, როგორ უნდა ჩატარდეს წირვა ისე, რომ კანონი არ დაირღვეს. საბოლოო პოზიციას საპატრიარქო სავარაუდოდ, დღეს დააფიქსირებს. ამასთან დაკავშირებით მღვდელმთავრები უკვე რამდენიმე საათია შეხვედრას მართავენ.


close დახურვა