„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ქვეყანაში კვლავ სწრაფი დიაგნოსტიკის არ არსებობაა და მთავრობას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
„დღეს ნომერ პირველ პრობლემა ქვეყანაში არის სწრაფი დიაგნოსტიკა. კვირაზე მეტია ხმა არ ამოგვიღია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე საერთაშორისო ციფრები და მაჩვენებლებიც აჩვენებს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ლამის ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით დიაგნოსტიკის და ტესტირების რაოდენობით. სწრაფი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს ნაკლები გავრცელება, გაცილებით სწრაფად აღმოჩენილი ინფიცირებული პაციენტები, ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები კარანტინი, ნაკლები შიმშილი ქვეყანაში. მინდა ხელისუფლებას მივმართო, მოდით მეთოდოლოგიაზე ნუ ვიმსჯელებთ გინდათ სწრაფი ტესტი იყოს, გინდათ ნელი, გინდათ სისხლზე იყოს, ანტისხეულებზე, pcr-ი იყოს, მაგრამ დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია არეალის შეზღუდვა. დღეს საქართველოში შეიძლება ქუჩაში დადიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და რომლებისგანაც შეიძლება ჩვენ დავინფიცირდეთ. აჩვენებს ყველა ბოლო შემთხვევა, რომ ძირითადად საქმე გვაქვს შიდა გადაცემასთან. მხოლოდ კლასტერებზე მოდევნება არის დამღუპველი“, - განაცხადა ვაშაძემ.