სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტის რეალური მიზანი არა ლუდომანიასთან ბრძოლა, არამედ ოპოზიციური მედიებისთვის პრობლემების შექმნაა.
მომავალი წლიდან გარკვეული გამონაკლისების გარდა მედიაში აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება. ტელეკომპანიების მიმართვის შემდეგ მმართველმა გუნდმა რეკლამის აკრძალვის ამოქმედება მარტამდე გადაწია. თუმცაღა ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედების ორი თვით გადაწევა ახალი სპონსორების მოძიებისთვის საკმარისი მაინც არაა და შეზღუდვის ამოქმედების ვადის შემოდგომამდე გადაწევას ითხოვენ.
"გულწრფელად მინდა საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ აქ იმის სურვილი კი არაა დღეს არსებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ბავშვებზე იზრუნონ, სამწუხაროდ, რეალური სურვილია, რომ რამენაირად ოპოზიციურ მედიას, მათ შორის, შეუქმნან პრობლემა. თვითონაც თანხმდებიან, რომ ყველაფერს ვერ შეზღუდავენ. რეკლამები მაინც იქნება სპორტული ღონისძიების დროს, ასევე, ინტერნეტრეკლამების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები იქნება. იმის ნაცვლად, რომ უფრო სისტემურად მომხდარიყო ამაზე გადასვლა და მუშაობა, რომ ყველა მორგებოდა ახალ წესებს, დაჩქარებულად ხდება ამის მიღება", - განაცხადა ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე.
აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულ ვადაში განიხილება. პარლამენტმა მას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
მმართველ გუნდში ცვლილებების მთავარ მიზეზად ლუდომანიასთან ბრძოლას ასახელებენ. კანონპროექტს კრიტიკულად უყურებენ მედიის წარმომადგენლები.
კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელებს ეჭვი უჩნდებათ, რომ აზარტული თამაშების რეკლამა პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლების მიზანმიმართულ შემცირებასთან. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განიხილოს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი.
გარდა ამისა, პარტია ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომ რეკლამის აკრძალვის პირობებში, მედია 3 წლის ვადით გადასახადებისგან გათავისუფლდეს. საბა ბუაძის განმარტებით, სხვა პირობებში ლელოს გამართლებულად მიაჩნია აზარტული თამაშების შეზღუდვა და პარტია მსგავს ინიციატივას გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა. თუმცა მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვების ახლა დაწესებას ხელისუფლების მხრიდან აშკარად პოლიტიკური მიზნები აქვს. აზარტული თამაშების რეკლამებიდან შემოსული თანხის გაქრობით ხელისუფლება დისკომფორტს შეუქმნის და შეავიწროებს კრიტიკულ მედიას.