logo
ENG



ვაშაძე ენმ-ზე: სიტყვის გამტეხის სახელი ძალიან ცუდია

20 აგვ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
ye2ltttsidctyip.jpg

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობის მხრიდნა ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენება შეთანხმების დარღვევა იქნება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეს იმავეს გამეორება იქნება, რასაც ქართულ ოცნებას 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ედავებოდა. 

"რატომ არ აქვს დღეს ნდობა დამსხვრეული ოცნებების პარტიას? მარტივი მიზეზის გამო. მან მოატყუა ამომრჩეველი, არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. 2016 წლის დაპირებები რომ ამოიღოთ, არც ერთი არ აქვთ შესრულებული. როცა დღეს ახალი დაპირებებით გამოდიან, ნულოვანი ნდობა აქვთ. 

8 მარტის შეთანხმებაზე ჩვენ ქართულ ოცნებასთან პრეტენზია რა გვაქვს? რომ თავისებურ ინტერპრეტაციებს აძლევენ ამ შეთანხმებას. და პრეტენზია ხომ ეს გვაქვს, რომ შეთანხმებას არღვევს", - აცხადებს ვაშაძე. 

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობა ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებით ფატალურ შეცდომას დაუშვებს. 

"ეს ფატალური შეცდომა მათ არ უნდა დაუშვან იმიტომ, რომ სიტყვის გამტეხის სახელი ძალიან ცუდია", - აცხადებს ვაშაძე. 

ვაშაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც აუცილებლად გაიმარჯვებს, თუ ნაციონალური მოძრაობა ისნის ოლქში კონკურენტ კანდიდატს დაუყენებს. 

"მე მაინც გავიმარჯვებ ისნის რაიონში. მხარდაჭერას ხომ არაფერი შეცვლის. ხალხთან დამოკიდებულებას ხომ არაფერი შეცვლის. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - ამბობს ვაშაძე. 

გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის წევრები ისნის მაჟორიტარ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე მსჯელობდნენ. ინფორმაცია "ფორმულას" პარტიის წევრებმაც დაუდასტურეს. 

ისნის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილს ერთიანი კანდიდატი გიორგი ვაშაძე ჰყავს დაყენებული. თავდაპირველად ვაშაძის კანდიდატურას ნაციონალური მოძრაობაც უჭერდა მხარს. 

დღეის მდგომარეობით ოპოზიციური პარტიების ნაწილს თბილისის 8-ვე ოლქში შეთანხმებული, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავთ წარდგენილი. 


close დახურვა