logo
ENG



ვაშაძე მდინარაძის განცხადებაზე: ეს იყო ბჟუტური არარეალური გარემოებების შესახებ

13 დეკ 201917:45
3 წუთის საკითხავი
 
97k2hmvsurkvqqz.jpg

მმართველი გუნდის მიერ წამოყენებულ ახალ ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, ოპოზიცია დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან მიღწეულ შეთანხმებას მორიგ აფიორად აფასებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ძალაუფლება რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს. 

მამუკა მდინარაძის განცხადება ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიიდან წასულმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმაც შეაფასა, ჩუგოშვილის თქმით, ოცნება ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში ჰყოფნის დრო გაიხანგრძლივოს.

„თუკი დღეს ჩატარდება არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, არავინ არ იცის როდის შეიძლება ქვეყანას დასჭირდეს ამის შემდგომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, თუკი ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, ეს არჩევნები იქნება პროპორციულით და ეს ინიციატივა ნიშნავს ხელისუფლებისთვის გარანტირებულად შენარჩუნებას 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის, რომელიც მოპოვებული იქნება შერეული სისტემით“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ეს იყო ბჟუტური არარეალური გარემოებების შესახებ“, - ასე ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის ახალ ინიციატივას, ვაშაძის თქმით, ეს ინიციატივა არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება.

 „დღევანდელ განცხადებას მე დავარქმევდი აბსურდულ და სულელურ ბჟუტურს, ეს იყო ბჟუტური არარეალური გარემოებების შესახებ, რომელიც საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება. ეს არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება და ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმითი, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ მოუსავლეთში“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის წევრებმა მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწიეს, მისივე თქმით, მაჟორიტარები რეფერენდუმზე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს არ გაიტანენ, იმ პირობით, თუ მმართველი პარტია შექმნის გარკვეულ მექანიზმს, რომელიც გამორიცხავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას.

„უმრავლესობის უმრავლესობა არ ემხრობა ამ პოზიციას და საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმაზე, რომ ისინი მოხსნიან ამ ინიციატივას იმ პირობით, რომ გარკვეული საკონსტიტუციო მექანიზმი შემუშავდება, რომელიც გამორიცხავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დესტაბილიზაციის რაიმე კერის შექმნის მცდელობა. ისინი თავს შეიკავებენ რეფერენდუმზე საკითხის გატანისაგან, იმ პირობით თუ ჩვენ შევქმნით ასეთ საკონსტიტუციო მექანიზმს. 2020-დან 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იგივე სისტემით, როგორითაც ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და დამატებით დათქმა არის ის, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი უფლებამოსილებას განახორციელებს 2024 წლის ბოლომდე იმისათვის, რომ სხვა რისკები გამოირიცხოს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მმართველი პარტიის წევრმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა, მისი თქმით მმართველმა გუნდმა ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც, ხსენებული დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას პარლამენტიდან გაიწვევენ.

 


close დახურვა