logo
ENG



ვაშინგტონი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს

07 დეკ 201919:37
3 წუთის საკითხავი
 
uwo3mb8rwumh2oq.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ელიოტ ენგელი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.  

"ქართული ოცნების" მხრიდან გახშირებულ კრიტიკას ელიოტ ენგელი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.

IRI-ის ქართული ოფისის დირექტორმა დღეს ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ამერიკის ხელისუფლებამ დააარსა და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ჯონ დიპირომ ​"ქართული ოცნების" ლიდერს მიანიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოში ვაშინგტონის ეგიდით მუშაობს. 

მხარდაჭერა გავლენიან ამერიკულ ინსტიტუტებს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის შემდეგ გამოუცხადა. ელიოტ ენგელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ თქვა, რომ ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიცაა NDI და IRI,  საქართველოში სამუშაოდ ვაშინგტონმა მოავლინა მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებას დაეხმაროს. 

ამერიკელი კონგრესმენის მკაცრი გზავნილი ოპოზიცისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა, დასავლეთის კურსიდან  გადაუხვია და რუსულ გზას დაადგა. 

ის ფაქტი, რომ გავლენიანი დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობის გამო ბიძინა ივანიშვილს, შეერთებული შტატების კონგრესმენი საგანგებო განცხადებით პასუხობს, ექსპერტებისთვის განგაშის სიგნალის ტოლფასია. ელიოტ ენგელის გზავნილი კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" ლეგიტიმაცია არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც დაკარგა. 

კონგრესმენის გზავნილს "ქართულმა ოცნებიდან" დღეს მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა.

ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ანალიტიკოსები ივანიშვილის ხელისუფლებას ურჩევენ, რომ მაგალითი ამერიკელი კონგრესმენისგან აიღოს. ელიოტ ენგელმა საგანგებო განცხადება დანაპირებით დაასრულა და თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. 

 

 


close დახურვა