ვახო სანაიას დღეს, 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ - ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
ვახო სანაია სასამართლოზე თავდასხმის დეტალებზე ილაპარაკებს.
ჟურნალისტისთვის ეს პირველი სასამართლო სხდომაა, რომელსაც დაესწრება. პროცესზე აქამდე ის არ დაუბარებიათ.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ.
სამივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
წინა პროცესზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ვახო სანაიას ერთ-ერთი ბრალდებული, ვაჟა გიგაური "წიხლებით შედგა".
ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ 2 მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ემთხვევა ვახო სანაიას მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.