საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნოდ ყველა საქმეზე ახდენს რეაგირებას და დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში რეაგირება ასევე მკაცრი იქნება.
მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ბრალდებები ყოველთვის ისმის:
"ალბათ, ერთ არჩევნებს ვერ დამისახელებთ, რომ ოპონენტების მხრიდან არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები, რომ თავდასხმა ხდება, საქმეს არ იძიებს პოლიცია, არის ჩართული ხელისუფლების მმართველი ძალა და ასე შემდეგ. ვერც 2018-ში, ვერც 2016-ში და ვერც ადრე, საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება და არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ხდება რეაგირება, თუმცა სამართლებრივად როგორც შეაფასებს სასამართლო, ისე ხდება მათი დასჯა. ამ ერთი თვის განმავლობაში თუ რაც დასჭირდება არჩევნებს, ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უწყებამ რეაგირება მოახდინა პარტიების - ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის - განცხადებაზე, რომ მათ წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ:
"ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ დავიბარეთ და არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, ჩვენთან ერთად პროკურატურაა ჩართული. მაქსიმალურად გვინდა, რომ გამოვავლინოთ ეს თემა, რადგან ძალიან მძიმეა, როდესაც ადამიანების დაშანტაჟება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ხდება", - განაცხადა გომელაურმა.
წინასაარჩევნო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს ორმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აპარატს ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდა კომუნიკაცია და უწყება საქმის გამოძიებისთვის მზად არის.
"ჩვენ დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ისინი აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს. ეს პირები მზად არ არიან, რომ საჯაროდ ისაუბრონ ამ თემაზე. გვქონდა კომუნიკაცია შსს-სთან ამ თემზე. მზად ვართ, მათი სურვილის შემთხვევაში დავეხმაროთ და უზრუნველვყოთ ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიცდენციალურობა", - აცხადებს ლომჯარია.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. როგორც ვაშაძემ თქვა, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
ლელოს ზუგდიდის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს, ლაშა გვასალიას ბულინგსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, გვასალიამ ისინი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფლად მოიხსენია.