ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ 2020 წლის 17 ივლისს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა და კანონში შეტანილი ცვლილებების სწორედ ის ნაწილები გააკრიტიკა, რომლის შესახებაც პოლიტიკურ ოპოზიცია და ელექტრონული კომუნიკაციების დარგში ოპერატორები კანონის მიღებისას საუბრობდნენ.
საქმე ეხება კანონის 46-ე და მე-11 მუხლში შეტანილ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც, სახელმწიფო რეგულატორს - კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კერძო კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, კომპანიებს კი კომისიისთვის შეუტყობინებლად წილის გასხვისება და შეძენა შეეზღუდათ, იმ შემთხვევებში, როდესაც კომისია ჩათვლის, რომ ასეთი გარიგებით "ბაზრის კონკურენციის პრინციპი" ირღვევა.
ცვლილებების შედეგად, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება აქტის მოქმედების შეჩერებას აღარ იწვევს, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარდა.
"კანონის მიერ კომისიისთვის მინიჭებული უფლებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ მათი მეშვეობით კომპანიის მესაკუთრეები რჩებიან კომპანიაზე ეფექტიანი საკუთრების განხორციელების მიღმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა პროცესებში", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
კომისიის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ქართველი კანონმდებლების მიზნების გათვალისწინებითაც კი, მიღებული ცვლილებები, შესაძლოა, მედიის თავისუფლებისა და საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების მიმართულებით მძიმე შედეგებით დასრულდეს - იმავე კრიტიკას მიმართავდნენ კანონის საპარლამენტო განხილვისას ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და სატელეკომუნიკაციო სფეროს წამყვანი ოპერატორები.
კრიტიკის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ კანონში შეტანილი ცვლილებები 1 კვირაში 3-ვე მოსმენით დაამტკიცა.
"ვენეციის კომისიას ესმის იმ რთული სიტუაციის, რომელსაც ქართველი კანონმდებელი ეჩეხება ამდენად მაღალი სენსიტიურობის მქონე საკითხის გადაწყვეტისას. ვენეციის კომისია აღიარებს კანონმდებლის მიზანს, არ შეუქმნას საფრთხე მომხმარებლების წვდომას ინტერნეტზე და შესაბამისად, არ გააუქმოს მოქმედი ლიცენზია, ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში.
მიუხედავად ამისა, კანონმდებლის მიერ ნაპოვნი გამოსავალი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის 46-ე პრიმა და მე-11 მუხლებშია მოცემული, ძალიან შორსმიმავალი შედეგებით შეიძლება დასრულდეს მედიის თავისუფლების, ისევე როგორც, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების მიმართულებით", - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში.
კომისია მოუწოდებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, საფუძვლიანად გადასინჯოს კანონის 46-ე პრიმა და მე-11 მუხლებში შეტანილი ცვლილებები და გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
"- ჩატარდეს რეგულაციების ეფექტის შეფასება (RIA) და ჩატარდეს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან
- ჩასწორდეს 46-ე პრიმა მუხლი, კომპლექსური გამოსავლის მოძებნის მიზნით
- დაზუსტდეს მასშტაბი 46-ე პრიმა მუხლისა, "ქვეყნის ეკონომიკური ინტერესის", "კრიტიკული ინფრასტრუქტურის" და "უსაფრთხოების ინტერესებისთვის" სამართლებრივი განმარტების წარდგენით.
- ჩასწორდეს 46-ე პრიმა მუხლი იმგვარად, რომ დაზუსტებით ითქვას, რომ გამაფრთხილებელი დებულება არავითარ შემთხვევაში არ ეხება ელექტრონული კომუნიკაციების დარგში ოპერატორის სამაუწყებლო ოპერაციებს.
მე- 11 მუხლის შესახებ:
- გაუქმდეს მე-11 მუხლის შესწორება და დაუბრუნდეს ის შიდა ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპებს, რომ გასაჩივრებას აქვს შემაჩერებელი ეფექტი, მარეგულირებელი კომისიის მიერ 46-ე პრიმა მუხლის შესავბამისად მიღებულ დანიშვნებზე.
- ცხადად განისაზღვროს, 46-ე პრიმა მუხლის შესაბამისად დანიშნული სპეციალური მმართველის შემთხვევაში, ვის აქვს დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და გაიზარდოს ვადა მსგავსი საჩივრის შეტანისთვის".
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საერთაშორისო კრიტიკაც მოჰყვა. საქართველოს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მიმომხილველები წერდნენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი რუსეთზე ციფრული დამოკიდებულების შემცირების საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა.
საქმე ეხება ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო დერეფნის პროექტს, რომელსაც ცენტრალური აზია ევროპასთან უნდა დაეკავშირებინა და რომლის ფარგლებშიც, 2019 წელს კომპანია Neqsol Holding-მა "კავკასუს ონლაინის" მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა - არსებული გარიგება მარეგულირებელი კომისიისთვის სადავო აღმოჩნდა, რის გამოც, სახელმწიფო რეგულატორმა კავკასუს ონლაინში 2020 წლის 1 ოქტომბერს დროებითი მმართველი დანიშნა.