ვენეციის კომისიამ დღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა - ერთი ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გენდერული კვოტების გაუქმებაზე, მეორე კი - ცვლილებებს ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესზე.
ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე და არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება.
კომისია მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ 2020 ცვლილებებით, რომლებიც გენდერულ კვოტირებას ეხებოდა, შესაბამისობაში იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსში მსგავსი ცვლილებები კი "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონის სტაბილურობის კუთხით".
კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანის პრაქტიკა საფრთხის შემცველია და ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.
ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მიიღონ ისეთი სპეციალური დროებითი ზომები პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახლა შემოღება ისე, რომ არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობა არსებითად გაიზარდოს.
რაც შეეხება მოსაზრებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ხელისუფლებამ მათი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუნდაც ნაწილობრივ.
2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტით შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი - შემოღებულ იქნა მათი არჩევის პროცესში 3/5-იანი კვორუმი. ასევე, ცვლილებებით გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
მოსაზრებაში ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მიღებული ცვლილებები არასაკმარისია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი, რაც ვენეციის კომისიის შეფასებით, გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.
ვენეციის კომისიის თანახმად, წუხილი ასევე უკავშირდება ანტი-ჩიხურ მექანიზმსაც, რომლის თანახმადაც ვაკანტური პოზიციების შევსება ორი დამატებითი რაუნდით ხდება, რომლითაც შესაძლებელი ხდება კანდიდატები უბრალო უმრავლესობით აირჩიონ, შესაბამისად კი,კომისიის შეფასებით, ეს იწვევს რისკს რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად და მარტო აირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (უპარტიო) წევრებსა და თავმჯდომარეს.
ვენეციის კომისია დამატებით გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ცვლილებები, საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში იქნა მიღებული.