ვენიდან სპეცრეისი განხორციელდა, რომელმაც თბილისში 156 საქართველოს მოქალაქე ჩამოიყვანა.
ამ წუთებში 156 ადამიანის სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში განთავსება მიმდინარეობს. სწორედ აქ გაივლიან საქართველოს მოქალაქეები კარანტინს.
როგორც სასტუმროს წარმომადგენელმა ვალერი ჩოხელმა „ფორმულას“ განუცხადა, სასტუმროში კვლავ არის რამდენიმე თავისუფალი ადგილი და მზად არიან კიდევ რამდენიმე ადამიანის მისაღებად.
შეგახსენებ, რომ “აჭარა ჯგუფმა“ სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოს დაუთმო.
„სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ. გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის“, - ნათქვამია “აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.