ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ტრიბუნასთან მიუახლოვდა და განმარტებას ითხოვდა.როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს , დავით გაბაიძის ბრძანებით მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოუწოდებდა, სხდომა დაეტოვებინა, თუმცა მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მოვიდნენ მოქალაქეები და თქვენ არ უშვებთ, მათთვის არ გცალიათ , რადგან ქვისლებისა და სხვა ნათესავების დასაქმებით ხართ დაკავებული. მოვითხოვ, რომ შემოუშვათ მოქალაქეები და მათ მოუსმინოთ. მე არ მაშინებს თქვენი შენიშვნები და ჯარიმები, აქ მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს",- განაცხადა სხდომაზე ელგუჯა ბაგრატიონმა.
თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განმარტა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან შესაბამისი ადგილი არ არის. მისივე განმარტებით, ეს ოპოზიციის მიერ დადგმული შოუ.
ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უსმენენ. თორნიკე რიჟვაძე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს.