შსს აცხადებს, რომ კლინიკა ვივა მედიში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა კლინიკის დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, მეორე პირს კი ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით ედება.
თავად კლინიკის თანამშრომელმა ფორმულას დღეს განუცხადა, რომ კლინიკაში დღეს გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ. სწორედ ერთერთმა მათგანმა დაჭრა დაცვის თანამშრომელი. პაციენტის ნეთასავებმა კლინიკის ინვენტარიც დააზიანეს.
შსს-ის ცნობით, დაზარალებული დაცვის თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში.