logo
ENG



ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის დეტალურ ანგარიშს - მარიამ ჯაში

13 აპრ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

მაისიდან სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, შესაძლებელია მკაცრი ზომები ეტაპობრივად შემსუბუქდეს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულება თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია

„თუ პირობები შესრულდება და მოქალაქეები დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს ვირუსის მართვაში, შევძლებთ მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა, რის საშუალებასაც მოგვცემს მონაცემები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ეკონომიკური გეგმა - როგორ დაეხმარება მოსახლეობას.

„ვნახეთ რა ხდებოდა ქუჩაში, ბზობაზე - როგორ იცავდნენ ზოგიერთი მოქალაქეები კარანტინის ზომებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების ეს ქმედება განპირობებული იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობებით. სახლში გამოკეტილია ასობით მოქალაქე, ვინც დაკარგა სამსახური - რას უპირებთ მათ? ნახეთ „ედისონრისერჩის“ კვლევა? ამბობთ, არ ვენდობიო, მაგრამ მოსახლეობის 45%-ს ერთ თვეში ამოეწურება საკვებისთვის ფინანსური მარაგი, მათ რას უპირებთ?", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ რომან გოცირიძე ერთდროულად აკრიტიკებს კიდეც მთავრობის ქმედებებს და იწონებს, რაც მისთვის გაუგებარია.

„გისმენდით და მგონია, რომ ორი რომან გოცირიძე გვესწრება : ერთი, რომელიც არ ეთანხმება მთავრობას და მეორე, რომელიც იმავე გამოსვლაში კმაყოფილია, რომ მისი და მისი პარტიის ინიციატივა ხელისუფლებამ გაითვალისწინა", - უპასუხა რომან გოცირიძეს არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაითვალისწინოს პარტიის შემოთავაზებები.

„ჩვენმა პარტიამ ყველა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებას დაუჭირა მხარი, მაგრამ თან შემოგთავაზეთ ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას - გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდი, უმუშევრობის დახმარებაზე - ბევრი რამაა და თუ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, პასუხი მაინც ხომ შეიძლება ამაზე ვინმემ გაგვცეს?", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საგანგებო რეჟიმის პირობებში განხორციელებული ქმედებების დეტალურ ანგარიშს ითხოვენ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“. მარიამ ჯაშის განცხადებით, მეორე ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გასახანგრძლივებლად აუცილებელი იქნება ამ ანგარიშის წარდგენა.

„თუკი პირველ ეტაპზე ჩვენმა ფრაქციამ უპირობოდ დავუჭირეთ მხარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვფიქრობ მეორე ეტაპზე თუ დაგდება აუცილებლობა, დაგვჭირდება დეტალური ანგარიში", - აცხადებს მარიამ ჯაში.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კი, აუცილებელი იქნება კრიზისულ ფაზაში რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება - წინააღმდეგ შემთხვევაში, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კატასტროფული შედეგები დადგება.

„წინ გვაქვს კრიზისული ფაზა და ვფიქრობ, სწორად უნდა შევაფასოთ წინააღმდეგობა. შესაბამისი უნდა იყოს ქმედებებიც და უნდა იყოს რეკომენდაციები შესრულებული, შეიძლება მივიღოთ კატასტროფული შედეგებიც კი. მომდევნო დღეებს სჭირდება ფრთხილად დაგეგმვა", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. „ფორმულას“ ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ვადა 18 მაისამდე გადაიწევს.

 


close დახურვა