დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლა რიში სუნაკისთვის მხოლოდ მეორედ აღმოჩნდა წარმატებული - პირველად, შვიდი კვირის წინ ის ლიზ ტრასთან დამარცხდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ თავისი კონკურენტის გეგმები ქვეყანას ეკონომიკურ ქაოსში ჩააგდებდა.
სუნაკის მოლოდინები გამართლდა და 44 დღის შემდეგ წასული თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, მისმა პოლიტიკურმა ხედვებმა კონსერვატორი დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის ნაცვლად, ის ამბობდა, რომ გადასახადებს მხოლოდ მაშინ შეამცირებდა, როცა ინფლაცია კონტროლს დაექვემდებარებოდა.
პრემიერად ოფიციალურად არჩევის შემდეგ, სუნაკმა პირობა დადო, რომ ტრასის მიერ დაშვებულ "შეცდომებს გამოასწორებს" და ამ მთავრობის დღის წესრიგში ეკონომიკურ სტაბილურობას დააყენებს.
ეკონომიკური კრიზისი და აზრთა სხვადასხვაობა კონსერვატიულ პარტიაში - სწორედ ამ გამოწვევების ფონზე იწყებს 42 წლის პოლიტიკოსი დიდი ბრიტანეთის პრემიერობის გზას.
მოკლე ბიოგრაფია
სუნაკი 1980 წელს საუთჰემპტონში დაიბადა. მას ინდოელი მშობლები ჰყავს, რომლებიც აღმოსავლეთ აფრიკიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ.
განათლება კერძო სასწავლებელში, ვინჩესტერის კოლეჯში მიიღო და შემდეგ სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის მიმართულებით გააგრძელა.
მოგვიანებით, სტენფორდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო და სწორედ აქ გაიცნო მომავალი ცოლი, აკშათა მურთი. მურთის მამა ინდოლეი მილიარდერი, ნარანია მურთია, რომელსაც ხშირად ინდოეთის ბილ გეიტსაც უწოდებენ.
BBC წერს, რომ სუნაკი ერთ-ერთ უმდიდრეს დეპუტატად ითვლებოდა - ბრიტანეთის ახალი პრემიერის ქონება, სავარაუდოდ, 730 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა კითხვები რეალურ ციფრებთან დაკავშირებით მაინც არსებობს. აგვისტოში, როცა სუნაკს ქონებაზე დაუსვეს კითხვა, აღნიშნა:
"ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ხალხს განვსჯით არა ბანკის ანგარიშებით, არამედ მათი ხასიათითა და ქმედებებით", - თქვა მან.
კარიერული გზა
რიში სუნაკი დეპუტატი მხოლოდ 7 წლის წინ გახდა, თუმცა მის პოლიტიკურ კარიერაში გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ბორის ჯონსონმა 2020 წელს ფინანსთა მინისტრის პოსტი ჩააბარა.
2 წლის შემდეგ, დაუნინგ სტრიტიდან ბორის ჯონსონის წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, სუნაკმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ "ასე ვეღარ გაგრძელდებოდა".
"ხალხი სამართლიანად მოელის, რომ მთავრობა უნდა იმართებოდეს სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად. მესმის, რომ ეს, შესაძლოა, ჩემთვის მინისტრის ბოლო თანამდებობა იყოს, მაგრამ მჯერა, რომ ეს სტანდარტები ბრძოლად ღირს და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას", - თქვა მან.
მოგვიანებით, პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, თუმცა მაშინ გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით ლიზ ტრასის დაპირებებმა მოიპოვა მხარდაჭერა, რასაც სუნაკის მარცხი მოჰყვა.
სუნაკი იმთავითვე კრიტიკული იყო და ამ გეგმას ტრასის "ეკონომიკურ ზღაპრებს" უწოდებდა - იმ დროს მან დეპუტატები ამაში ვერ დაარწმუნა, თუმცა დღეს მეორე შანსის გამოყენების შემდეგ, ტრასის ნაცვლად დაუნინგ სტრიტზე სწორედ რიში სუნაკს ვიხილავთ.