logo
ENG



ვის მიენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

28 დეკ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
ვის მიენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად კანონი, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ შვილი რეგისტრირებული ქორწინების პირობებში დაიბადა ან ბავშვის დაბადების აქტში შეტანილი იყო ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. 

კონსტიტუციურ სარჩელში, რომელიც სასამართლოში ელგა მაისურაძემ, ირმა გინტურმა და ლერი თოდაძემ შეიტანეს, ნათქვამი იყო, რომ ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები აქვთ.

იმ პირობებში კი, როცა მათ არ შეუძლიათ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება, არსებითად თანასწორ ადამიანებთან მიმართებაში უთანასწორო მდგომარეობაში დგებოდნენ, დიფერენცირებას კი ლეგიტიმური მიზანი არ გააჩნია. 

მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია. მათი არგუმენტაციით, არსებული კანონის მიზანია, შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც რეალურად მარტო ზრდიან ბავშვს, თუმცა, ამ სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს ამ სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა ცნო კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირებით განსაზღვრული სავალდებულო წინაპირობები ადგენს პირთა შორის განსხვავებულ მოპყრობას.

შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მარტოხელა მშობლის სტატუსის ბუნებასა და მიზანზე.

კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სტატუსის პირველადი მიზანია იმ ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რაც უკავშირდება ბავშვის მხოლოდ ერთი მშობლის მიერ აღზრდას. ხსენებული ნეგატიური ფაქტორები კი, შესაძლოა, მატერიალურზე მეტად, პრობლემური იყოს ბავშვის სრულფასოვანი ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით.

სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი არასრულწლოვან პირს სახეზე ჰყავს ორივე მშობელი, მაგრამ მის აღზრდაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი მათგანი, ბავშვის სრულფასოვანი განვითარების კუთხით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ.

ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი მხოლოდ ერთი მშობლისგან იღებდეს როგორც მატერიალურ, ისე აღმზრდელობით მზრუნველობას, მაგრამ გარკვეულ ადამიანურ ურთიერთობას ინარჩუნებდეს მეორე მშობელთან. ამასთან, თუკი ბავშვის ორივე მშობელი სახეზეა, მათ აკისრიათ შვილზე ზრუნვის მორალური და კანონისმიერი მოვალეობა და არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ გარკვეულ დონეზე ორივე მათგანი შეიტანს წვლილს მისი აღზრდის პროცესში.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე და განმარტა, რომ ბავშვის ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მშობლისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობაში ისეთი ფორმით ჩარევამ, როგორიც არის ბავშვის ერთ-ერთი მშობლის მარტოხელა მშობლად აღიარება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ამრიგად, სასამართლომ არსებითად თანასწორ პირებად არ მიიჩნია, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2022 წლის პირველ ივლისამდე, რათა საფრთხე არ შექმნოდა იმ პირთა ინტერესებს, რომელთაც სადავო რეგულირების საფუძველზე შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი. 


close დახურვა